ღამის ხედვის მანძილი

თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში ღამით ხედვისთვის ძირითადად გამოიყენება აქტიური ინფრაწითელი ტექნოლოგია, რომლის დროსაც გამოსახულება შავ-თეთრ ფორმატში მიიღება. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ინერგება ღამით ფერადი გამოსახულების მიღების ტექნოლოგიებიც, რომელთა შესახებ შემდგომ პოსტებში გვექნება საუბარი.

აქტიური ინფრაწითელი ტექნოლოგიის შემთხვევაში კამერაში განთავსებულია LED ნათურები, რომლებიც ღამით ახდენენ ობიექტის ინფრაწითელ სპექტრში განათებას. ხოლო პასიური ინფრაწითელი ტექნოლოგიის შემთხვევაში კამერა აღიქვამს მხოლოდ ობიექტიდან წამოსულ ინფრაწითელ გამოსხივებას.

დღის განმავლობაში ობიექტივის წინ არსებული ფილტრი ახდენს ინფრაწითელი გამოსხივების დაბლოკვას, რათა ხელი არ შეუშალოს გამოსახულების რეალურ ფერებში მიღებას. ღამით, დაბალი განათების პირობებში ავტომატურად ხდება ინფრაწითელი ფილტრის მოხსნა და კამერა გადადის შავ-თეთრი გამოსახულების რეჟიმში.

ვიდეოკამერის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია ინფრაწითელი გამოსხივების მანძილი (IR Range). ეს მონაცემი ერთი შეხედვით ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კამერას ღამის პირობებში ამ მანძილზე შეუძლია ობიექტის ამოცნობა. თუმცა ეს ასე არ არის.

ზოგადად რეალურ პირობებში მკაფიო გამოსახულების მიღების მანძილი რამდენჯერმე ნაკლებია. მაგ. თუ კამერის მონაცემებში მითითებულია IR Range 30 მეტრი, რეალურად ღამით ადამიანის იდენტიფიცირების მანძილი შეიძლება იყოს 5 მეტრი, რაც აგრეთვე დამოკიდებულია კამერის სხვა პარამეტრებზე, როგორიც არის ობიექტივი, მატრიცა და ა.შ. კამერის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი.


 უკან