გაზრდილი რეგულაციები

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის #101 დადგენილებით ფართოვდება იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, ვინც ვალდებულია 2024 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყოს შენობაში ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი.

აღნიშნული ვალდებულება ეხება ყველა პირს, თუ:

შემოსავალი ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს და მიეკუთვნება შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობის სახეებს:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა (მათ შორის, სასტუმროებით და მოტელებით უზრუნველყოფა);
  • საკვებით და სასმელებით მომსახურება (მათ შორის, რესტორნები, ბარები და ა.შ.).

შემდეგ ობიექტებს მიუხედავად შემოსავლისა:

  • სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება;
  • სიგარაბარი;
  • ბაზარი/ბაზრობა;
  • სავაჭრო ცენტრი;
  • სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი, ლოტო და ბინგო;
  • ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურები;
  • აფთიაქი;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;
  • სესხის გამცემი სუბიექტი;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
  • უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • ვიდეოკამერა: ქსელური (IP);
  • კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);
  • მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);
  • დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;
  • ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;
  • სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.


 უკან